ზედაველის მიწა
Saturday, March 15, 2014
მახსოვს სავსე სოფელი, მრავალრიცხოვანი სკოლა, მოფუსფუსე ხალხი, განათლებული საზოგადოება და კულტურული ღონისძიებები, მშრომელი მასა... ისინი ქმნიდნენ ცხოვრებას ქვახვრელში: აშენებდნენ დიდ სახლებს, ზრდიდნენ შვილებს და ზრუნავდნენ მათი განვითარებისათვის, განათლებისათვის, მასპინძლობდნენ უამრავ სტუმარს ძალზედ ღირსეულად... თავად უზომოდ უყვარდათ ეს მშობლიური სამოთხე და ადვილად ახერხებდნენ, არამკვიდრთათვისაც შეეყვარებინათ იგი, უფრო კი, სოფელი იყო საყვარელი, ულამაზესი ... სკოლა იყო და არის რაიონში გამორჩეული თავისი შექმნის ისტორიიდან დღემდე: უნიჭიერესიმოსწავლეებითა და ღირსეული პედაგოგებით. ახლაც არსებობს სოფელზე მზრუნველი ხალხი, მაგრამ...
განახევრებული კაპიტალური და წარმატებული სკოლა, განახევრებული სოფელი ,
ცარიელი სახლები... ძალიან გულსატკენია და საგანგაშო, დროა, ახალმა თაობამ გააცნობიეროს მისი როლი სოფლისა და ქვეყნის მშენებლობის პროცესში, მიიღოს განათლება და ეროვნული ენერგია აქტიურად გამოიყენოს საკუთარი თავისა და გარშემო მყოფთა კეთილდღეობისათვის,
გამყარდეს, როგორც მოქალაქე და პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი ცხოვრების ჩამოყალიბებაში; დაიცვას გარემო და სამართლიანობა, გახდეს შემოქმედი და საზოგადოებასთან ერთად დაგეგმოს მომავალი, რომელიც წარსულის კვლევასა და ანალიზზე იქნება დაფუძნებული.
ჩვენ, მასწავლებლები ეროვნული მიზნების შესაბამისად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა პრაქტიკულ განვითარებას, რომელიც მაღალაზროვნული ამოცანების შესრულებით იქნება მიღწეული.
ყველა ცხოვრებისეული კონკრეტული პრობლემა გლობალური პრობლემების გამოძახილია, მისი მოგვარება კი მხოლოდ პოლიტიკის გადასაწყვეტი არ არის, მუდმივად სხვის იმედად ყოფნა და მათზე გადაბრალება აკნინებს საზოგადოებას, უნდა მივახვედროთ ახალგაზრდები, რომ საკუთარი მომავალი მათივე ხელშია. უშრომლად და უსწავლელად კი თანამედროვე სამყაროში არსებობაც კი წარმოუდგენელია.
ყოველ შემთხვევაში პრობლემის მოგვარების მცდელობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ნაწილობრივ მაინც არგებს სიტუაციას, თვალს აუხელს საზოგადოებას, გამოცდილებას შესძენს და ღირებულებების დაცვისა და მოვალეობების შესრულებისაკენ მოუწოდებს მათ...
მივხედოთ ჩვენს უსაყვარლეს სოფელ-ქვახვრელს:
ნუ მიატოვებთ მას, ოდესმე მაინც დაბრუნდით;
აქ შექმენით უკეთესი ცხოვრება...
Subscribe to:
Posts (Atom)